იტალიელმა სამართალდამცველებმა ტურინში 10 მაისს გამართული „ევროვიზიის“ ნახევარფინალისა და გუშინ ჩატარებული ფინალის დროს პრორუსული ჯგუფების ჰაკერული თავდასხმები აღკვეთეს - ამის შესახებ დასავლური მედია ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიის პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა ქსელის ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე კიბერშეტევა დაბლოკა, რომლებიც ჰაკერების ჯგუფ „Killnet“-ისა და მასთან დაკავშირებული „Legion“-ის მიერ იყო ორგანიზებული.
გარდა ამისა, იტალიელმა ძალოვანებმა შეაგროვეს ინფორმაცია პრორუსული ჯგუფის „ტეელგრამის“ არხებიდან სხვა კრიტიკული შემთხვევების აღსაკვეთად.
ცნობისთვის, 11 მაისს, „Killnet“-მა განაცხადა, რომ თავდასხმა განახორციელეს რამდენიმე იტალიური სახელმწიფო ინსტიტუტის ვებგვერდზე, მათ შორის სენატისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის საიტებზე.