მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის ბუნკერებში ბლოკირებული მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია „აზოვის“ პოლკის ჯარისკაცებმა განახორციელეს. რუსმა სამხედროებმა არ შეუშვეს ოფიციალური პირები ევაკუაციის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ აზოვის პოლკის ერთ-ერთი მებრძოლის მეუღლემ განაცხადა.
„ევაკუაცია სწორედ „აზოველებმა“ განახორციელეს, რადგან რუსებმა ომბუდსმენი ლუდმილა ვერეშჩუკი, ხელისუფლების წარმომადგენლები, გაერო, წითელი ჯვარი „აზოვსტალში“ არ შეუშვეს. ისინი სადღაც ავტობუსებს ელოდნენ, „აზოველები“ კი ყველაფერში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა მებრძოლის მეუღლემ.
მან, ასევე, დასძინა, რომ ერთ-ერთი ასეთი ევაკუაციის დროს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელშიც „აზოველები“ იმყოფებოდნენ, რათა წაეყვანათ მშვიდობიანი ქალები და ბავშვები. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად სამი მებრძოლი დაიღუპა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა.