logo_geo
სანა მარინის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე NATO-ს პერმანენტული ბაზის და ატომური იარაღის განთავსება განხილვის საგანი არ არის
- +

19 მაისი. 2022. 13:53

 

 

ფინეთის პრემიერ-მინისტრის სანა მარინის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე NATO-ს პერმანენტული ბაზისა და ატომური იარაღის განთავსება განხილვის საგანი არ არის. ამის შესახებ მან იტალიურ გამოცემა „Corriere della Sera“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ეს საკითხი არ არის განხილვისა და მოლაპარაკებების საგანი. ეს ეროვნული გადაწყვეტილებაა. არავინ მოგვახვევს თავს ბირთვულ იარაღს ან პერმანენტულ ბაზას, თუ ეს ჩვენ არ გვსურს. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. არ მეჩვენება, რომ ფინეთში ბირთვული იარაღის განლაგების ან NATO-ს ბაზების გახსნის ინტერესი მაინც იყოს“, - განაცხადა ფინეთის პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, NATO-ს დახმარების გარეშეც კი ფინეთს კარგად შეეძლო თავის დაცვა.

 

„ჩვენ კარგი თავდაცვითი შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენ უკვე ვხარჯავთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვაზე და ათწლეულების განმავლობაში დიდი, მსხვილი ინვესტიციები განვახორციელეთ უსაფრთხოების მიმართულებით, უფრო კონკრეტულად დიდი და აგრესიული მეზობლის გამო, რომელიც საზღვართან გვყავს. გადაწყვეტილება NATO-ს წევრობაზე განაცხადი გაგვეკეთებინა მშვიდობის აქტია და არა - ომის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ფინეთის მიწაზე ომი არასდროს მოხდეს და ყოველთვის შევეცდებით პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებას. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა ასე არ ფიქრობს. რუსეთი ასე არ ფიქრობს. ის თავს დაესხა უკრაინას და ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს, დედებს, მოხუცებს, მოქმედებს მიუღებლად. სწორედ ამიტომ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას და უზრუნველვყოთ ომში მისი გამარჯვება იარაღის, ფინანსებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის ამოქმედებით, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი არ შეჩერდება“, - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი