logo_geo
ალარ კარისი: ევროკავშირის წევრები გრძნობენ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ჩვენგანი, ერთია კრიტერიუმები, მეორე მხრივ კი, არსებობს შეგრძნება, რომ დიახ, ეს ქვეყნები არიან ჩვენიანები
- +

25 მაისი. 2022. 12:21

 

 

„ესტონეთი ყოველთვის იყო გაფართოების პოლიტიკის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი, ჩვენი საკუთარი გამოცდილებიდან. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი 2005 წელს და დაგვჭირდა ცხრა წელი ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ წევრები გავხდით 2014 წელს. ეს გრძელი და რთული პროცესია“, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე – „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“ განაცხადა.

 

ესტონეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რომ შეიქმნას ახალი ალიანსი, რომელშიც ევროკავშირს მიღმა მყოფი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა და ბრიტანეთი გაერთიანდებიან.

 

როგორც ალარ კარისმა განაცხადა, არსებობს საფრთხე, რომ ამან შესაძლოა, ჩაანაცვლოს რეალური კანდიდატობა ან ევროკავშირის წევრობა.

 

„რაც შეეხება კითხვას, გვჭირდება თუ არა სხვადასხვა ტიპის გაერთიანება ევროკავშირში გაწევრიანებამდე. ვიქნები ძალიან გულწრფელი, ჩვენ შემოგვთავაზეს სხვადასხვა ტიპის გაერთიანება, როდესაც ვიწყებდით პროცესს, ჩვენ უარი განვაცხადეთ. ჩვენ ვართ საკმაოდ მტკიცე, ჩვენ უნდა გაგვევლო გზა კანდიდატის სტატუსით და მიგვეღწია მიზნისთვის, რაც შეიძლება მალე, ჩვენ ეს შევძელით. თუმცა, ეს ყოველთვის დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყანაზე. თუ ეს შეთავაზება არ წარმოადგენს ჩანაცვლებას, მაშინ ეს უნდა იქნას განხილული. თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ ამან შესაძლოა, ჩაანაცვლოს რეალური კანდიდატობა ან ევროკავშირის წევრობა. ჩვენ უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები ასეთი ტიპის შეთავაზების მიმართ“, – განაცხადა კარისმა.

 

ამასთან, ალარ კარისის განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირმა მწვანე შუქი უნდა აანთოს.

 

„ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, იყო ევროკავშირის წევრი. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან გვყავდა ძალიან კარგი მეზობლები, სკანდინავიის ქვეყნები, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ, რომ მიზნისთვის მიგვეღწია და ყველა კრიტერიუმი დაგვეკმაყოფილებინა. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. ახლა კანდიდატ ქვეყნებს ასევე სჭირდებათ მეგობრები ამ პროცესის მხარდასაჭერად. ჩვენ ლატვიელ, ლიეტუველ, პოლონელ კოლეგებთან ერთად გამოვედით მოწოდებით, რომ უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირს წევრობის კანდიდატი, რომ მას აუნთონ მწვანე შუქი. არ არსებობს სწრაფი შემოწმება, ეს არის პროცესი, თუმცა, უნდა აინთოს მწვანე შუქი ამ პროცესის დასაწყებად, რადგან ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრები გრძნობენ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ჩვენგანი. ერთია კრიტერიუმები, მეორე მხრივ კი, არსებობს ასევე შეგრძნება, რომ დიახ, ეს ქვეყნები არიან ჩვენიანები“, – განაცხადა კარისმა.

 

 

big_banner
არქივი