logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: არსებობს საკითხები, რომელთა განხილვა საჭიროა რუსეთის ლიდერთან
- +

27 მაისი. 2022. 15:50

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დიალოგი გამართოს.

 

მედიის ინფორმაციით, ინდონეზიურ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას არ სურს ვლადიმირ პუტინთან საუბარი, მაგრამ, მიაჩნია, რომ ომის დასრულებისთვის ეს საჭირო იქნება.

 

„არსებობს საკითხები, რომელთა განხილვა საჭიროა რუსეთის ლიდერთან. მე არ გეუბნებით, რომ ჩვენი ხალხი მზად არის მასთან საუბრისთვის, მაგრამ ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, ამ შეხვედრისგან უკრაინას ცხოვრების დაბრუნება სურს.

 

„რა გვინდა ამ შეხვედრისგან... ჩვენი ცხოვრების დაბრუნება გვინდა. გვინდა, დავიბრუნოთ სუვერენული ქვეყნის ცხოვრება საკუთარ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთი ჯერ არ არის მზად სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

 

ამასთან, კრემლი უკრაინას მოლაპარაკებების გაყინვაში ადანაშაულებს. ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაურკვეველია, რა სურს კიევს. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები „წინააღმდეგობრივ განცხადებებს“ აკეთებენ.

 

 

big_banner
არქივი