logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული მოიპარეს და ეძებენ გზას, როგორ გაყიდონ
- +

31 მაისი. 2022. 01:53

 

 

„ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული მოიპარეს და ეძებენ გზას, როგორ გაყიდონ“, – ამის შესახებ საღამოს ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

„ჩვენს მიტაცებულ ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა უკვე მოიპარეს სულ მცირე ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული და ახლა ეძებენ გზას, როგორ გაყიდონ „შავად“. ისე გაყიდონ, რომ მოპარულით ფულიც იშოვონ და თან ლეგალურ ბაზარზე დეფიციტიც შეინარჩუნონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

პრეზიდენტის მონაცემებით, რუსეთის მიერ შავ ზღვაში უკრაინული პორტების ბლოკირებისა და აზოვის ზღვის ნაპირის უკრაინული ნაწილის დაკავების გამო, უკრაინა ექსპორტზე ვერ აგზავნის 22 მილიონ ტონა მარცვლეულს.

 

„ეს არის მოცულობა, რომელიც უნდა გასულიყო გარე ბაზარზე. რუსეთის მიერ ჩვენი ექსპორტის ბლოკირება სიტუაციის დესტაბილიზაციას ნამდვილად გლობალური მასშტაბით ახდენს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყანაში ძვირდება სურსათი. იქმნება შიმშილის საფრთხე აფრიკაში, აზიაში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ეს საფრთხე შეიძლება, ახალ მიგრაციულ კრიზისში გადაიზარდოს და რუსეთი ამისკენ მიისწრაფვის.

 

ყოველდღიური ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, დააწესოს ემბარგო რუსულ ნავთობზე.

 

„მიმაჩნია, რომ ევროპას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს რუსულ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე უარის თქმა, რადგან საქმე ეხება რუსული ენერგეტიკული იარაღისგან თავად ევროპელების დამოუკიდებლობას. რაც მალე მოხდება ეს, რაც უფრო სრული იქნება უარი რუსულ ნავთობზე, მით მეტ სარგებელს მიიღებს საბოლოოდ თავად ევროპა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე სამძიმარი გამოუცხადა ლუგანსკის ოლქში დაღუპული ფრანგი ჟურნალისტის, ფრედერიკ ლეკლერკის კოლეგებსა და ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ ის გახდა 32-ე ჟურნალისტი, რომელიც უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ დაიღუპა.

 

 

big_banner
არქივი