logo_geo
მედია: ერდოღანი შვედეთის პრემიერისგან ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს
- +

6 ივნისი. 2022. 18:31

 

 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონისგან ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, პეტერ ჰულტკვისტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ შვედური გაზეთი Expressen წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროების ინფორმაციით, ერდოღანის მოთხოვნა უკავშირდება 10 წლის წინ პეტერ ჰულტკვისტის წვეულებაზე გამოსვლას, სადაც მან მხარდაჭერა გამოუცხადა „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და მის დაპატიმრებულ ლიდერს, აბდულა ოჯალანს.

 

2011 წელს, ჰულტკვისტი (იმ დროს სოციალ-დემოკრატი დეპუტატი) წვეულებას დაესწრო, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაარსების 33-ე წლისთავს აღნიშნავდნენ.

 

3 ივნისს, ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარში ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთმა და ფინეთმა ღიად და მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ უარს ამბობენ ტერორიზმის მხარდაჭერაზე და თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს გააუქმებენ.

 

 

big_banner
არქივი