logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: სიტყვებიდან, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია, მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ
- +

10 ივნისი. 2022. 17:01

 

 

"ევროპული სისტემა, შესაძლოა, დამარცხდეს, თუ სიტყვები მოქმედებით არ იქნება გამყარებული. დემოკრატიული სისტემა შეიძლება დამარცხდეს ჩვენს კონტინენტზეც კი, თუ არ იქნება ქმედება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„თუ გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროპელთა 71 პროცენტი უკრაინას ევროპული ოჯახის ნაწილად მიიჩნევს, რატომ არსებობენ ჯერ კიდევ პოლიტიკური სკეპტიკოსები, რომლებიც ყოყმანობენ მისი ევროკავშირში გაწევრიანების უფლებაზე?

 

თუ ევროპის ძირითადი ფასეულობები გულისხმობს, რომ ყველა ერი ერთნაირად მნიშვნელოვანია და თანაბრად უნდა სცენ პატივი, რატომ ეუბნებოდნენ უკრაინელ ხალხს ამდენ ხანს, რომ უნდა დარჩეს ნაცრისფერ ზონაში ევროკავშირსა და რუსეთს შორის?

 

თუ რუსეთი ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფაქტობრივად ყველა სასიცოცხლო დოკუმენტს, ჯერ კიდევ რატომ არსებობენ ისეთები, რომლებიც ყოყმანობენ ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაბლოკვაზე?

 

ეს კითხვები ფაქტობრივად მიუთითებს იმაზე, რომ ევროპული სისტემა შესაძლოა დამარცხდეს, თუ სიტყვები მოქმედებით არ იქნება გამყარებული. დემოკრატიული სისტემა შეიძლება დამარცხდეს ჩვენს კონტინენტზეც კი, თუ არ იქნება ქმედება.

 

ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, საბოლოოდ უნდა მოვიშოროთ ეს ნაცრისფერი ზონა, რომელიც ასეთი მიმზიდველია რუსეთის სახელმწიფოსთვის. უნდა გადავიდეთ სიტყვებიდან, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია, მოქმედებაზე. უახლოეს კვირებში ევროკავშირს შეუძლია გადადგას ისტორიული ნაბიჯი, რომელიც დაამტკიცებს, რომ სიტყვები უკრაინელი ხალხის ევროპულ ოჯახთან დაკავშირებით ცარიელი არ არის.

 

მეორე, საჭიროა უსაფრთხოების ეფექტური, იურიდიულად სავალდებულო გარანტიები ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების განახლებულ არქიტექტურაში. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ უკრაინისთვის გარანტიების ასეთ სისტემაზე და მხოლოდ მაშინ, როცა ის გამოჩნდება, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ათასობით სიტყვა კონვენციების, საკანონმდებლო აქტების, ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების ფურცლებზე არ არის მხოლოდ სიტყვები, არამედ მოქმედებით გამყარებული რეალობა.

 

მესამე, ყველა ომის დამნაშავემ ყოველთვის უნდა აგოს პასუხი. სამართლიანობამ თავისი სიტყვა უნდა თქვას და სამართლიანობის სიტყვა უნდა იყოს გამყარებული მოქმედებით.

 

რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინაში ჩადენილო ყოველი მკვლელობისთვის, ყოველი წამებისა და გაუპატიურებისთვის, ყველა დანგრეული ქალაქისთვის, ადამიანების, მათ შორის ბავშვების, დეპორტაციისთვის, პასუხი უნდა აგონ როგორც მათ, ვინც ეს დანაშაულები უშუალოდ ჩაიდინა, ასევე იმ რუსმა მეთაურებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ასეთი ბრძანებები გასცეს.

 

დემოკრატია ეფექტური უნდა იყოს - ყველა გაგებით. ევროპა ეფექტური უნდა იყოს. როცა სიტყვები წარმოითქმება, ქაღალდზე იწერება და საერთაშორისო სამართლის დოკუმენტებად იქცევა, უნდა იმუშაოს, უნდა იმოქმედოს. როდესაც ეს მოხდება, აღარ იქნება კითხვა, ვინ გაიმარჯვებს და სად არის ეს ფრონტის ხაზი. რა თქმა უნდა, დემოკრატია, რა თქმა უნდა, ევროპა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

 

 

 

big_banner
არქივი