logo_geo
ჯონ ჰერბსტი: თუ მოსკოვმა შეძლო უკრაინაში მიზნის მიღწევა, ვფიქრობ, მოლდოვა და საქართველო რისკის ქვეშ იქნება, მაგრამ ასევე, ეს რისკი ვრცელდება ესტონეთზე, ლატვიასა და ლიეტუვაზე
- +

14 ივნისი. 2022. 13:03

 

 

„უკრაინა იღებს მხარდაჭერას დასავლეთისგან, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ იღებს ყველა იმ სამხედრო სისტემას, რასაც უნდა ვაწვდიდეთ. მოსკოვის დამარცხება არ არის ადვილი, მაგრამ პრინციპი მარტივია. უკრაინას უნდა ჰქონდეს სრული მხარდაჭერა, რათა ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისივე თქმით, ამ ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში რისკის ქვეშ საქართველო და მოლდოვასთან ერთად ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვაც იქნება.

 

„მოსკოვის მასშტაბური შეტევა უკრაინაში 8-წლიანი ომის შემდეგ პუტინის შეცდომა აღმოჩნდა. ამ დიდი ესკალაციის შედეგად, ნატო გაერთიანდა, რომლის მსგავსიც ცივი ომის დასრულების შემდეგ არ გვინახავს. მისასალმებელია, რომ დასავლეთმა მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა რუსეთს და საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზით, რუსეთი მშპ წელს 12-16%-ით ნაკლები იქნება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ მაღალი ტექნოლოგიების იმპორტისა და ექსპორტის შეზღუდვების გამო, რუსეთს სულ უფრო უძნელდება დახვეწილი იარაღის დამზადება. ფაქტია ისიც, რომ მოსკოვის შეტევის პირველი ფაზა და უკრაინაში ხელისუფლების დამხობის გეგმა ჩაფლავდა. ხარკოვშიც ვერ მოახერხეს რუსული კონტროლის დამყარება. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ყურადღების გადატანის შემდეგ, მოსკოვმა გარკვეულ პროგრესს მიაღწია უკრაინის სამხრეთში, თუმცა ხერსონის გარეუბნებში უკრაინელები ისევ იბრძვიან. უკრაინის აღმოსავლეთშიც მოსკოვმა მოახერხა წინსვლა, თუმცა ერთ-ერთ გაზეთში ვკითხულობდი, პუტინის გეგმა გახლდათ, ოლქი 9-10 ივნისისთვის სრულად გაეკონტროლებინა და ვხედავთ, რომ ამ დრომდე ვერ მოახერხა. ისიც სიმართლეა, რომ რუსეთს ამ ომში ბუნებრივი უპირატესობა აქვს, ვიტყოდი უზარმაზარი უპირატესობაც კი, ტანკების, თვითმფრინავებისა და სარაკეტო სისტემების კუთხით. თანაც, ომი მიმდინარეობს ღია რელიეფზე, რაც მათ ასევე ხელს უწყობს ბრძოლის წარმოებაში. უკრაინა იღებს მხარდაჭერას დასავლეთისგან, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ იღებს ყველა იმ სამხედრო სისტემას, რასაც უნდა ვაწვდიდეთ. მოსკოვის დამარცხება არ არის ადვილი, მაგრამ პრინციპი მარტივია. უკრაინას უნდა ჰქონდეს სრული მხარდაჭერა, რათა ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ სოლიდური დახმარებების პაკეტები გამოყო, რაც დასაფასებელია, მაგრამ უკრაინელებმა ასევე სთხოვეს ძლიერი სარაკეტო სისტემები. ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ უკრაინა აშშ-სგან ჰიმარსის ტიპის რაკეტებს მიიღებს. საუბარია, დახვეწილ სარაკეტო სისტემაზე, მაგრამ ის 70-80 კილომეტრის მანძილზე ისვრის. ჩვენ ვიცით, რომ პენტაგონს სურდა უკრაინაში 120 კმ-ზე მსროლელი რაკეტების გაგზავნა, მაგრამ უკან დაიხია. ჩვენ ახლა უკრაინას ვუგზავნით გემსაწინააღმდეგო რაკეტებს, რაც კარგია, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე თვის წინ იყო აუცილებელი. ჩვენ უნდა გავუგზავნოთ უკრაინას უფრო მძლავრი და დიდი სიმაღლის საჰაერო თავდაცვის სისტემები. თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და მივაწვდით უკრაინას იმას, რასაც სრულიად გონივრულად ითხოვს, ვფიქრობ, უკრაინელი სამხედროები აღმოსავლეთში ბევრად მყარ პოზიციებს დაიკავებენ.

 

ჩვენ ვიცით, რომ მოსკოვს აქვს ამბიციები გააკონტროლოს ყველაფერი უკრაინის ფარგლებს გარეთ და ეს სურვილი ვრცელდება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე, მათ შორის, იმ სახელმწიფოებზეც, რომლებიც ნატო-ს შემადგენლობაში არიან. თუ მოსკოვმა შეძლო უკრაინაში მიზნის მიღწევა და მისი გაკონტროლება, ისინი სუნთქვას არ შეაჩერებენ. პირიქით, ძალებს მოიკრეფენ და სვლას განაგრძობენ. ვფიქრობ, მოლდოვა და საქართველო რისკის ქვეშ არიან, მაგრამ ასევე, ეს რისკი ვრცელდება ესტონეთზე, ლატვიასა და ლიეტუვაზე. ბოლოს ვიტყვი, რომ ეს ომი სამართლიანად დასრულდება, როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობა რაღაც მომენტში მიხვდება, რომ დამარცხებულია. მოვა ეს დღეც, უბრალოდ, ახლა ვერავინ გააკეთებს პროგნოზს, როდის მოხდება ეს“, - განაცხადა ჰერბსტმა.

 

 

big_banner
არქივი