logo_geo
ზელენსკი ბაიდენის განცხადებაზე: ჩემი რომ გაეგონათ, უკრაინას მეტი შანსი ექნებოდა, შეეჩერებინა რუსეთის შემოჭრა
- +

14 ივნისი. 2022. 14:51

 

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრის შესახებ გაფრთხილებების მოსმენა არ სურდა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას იარაღი არ მიაწოდეს და საჰაერო სივრცე არ დაკეტეს.

 

„ჩემი რომ გაეგონათ, უკრაინას მეტი შანსი ექნებოდა, შეეჩერებინა რუსეთის შემოჭრა. სიგნალები, რომელსაც იხსენებთ, ყველა განსხვავებული იყო. თუ ყველაფერი ასე იყო, თუ ყველამ გააფრთხილე უკრაინა, რომ ხვალ სრულმასშტაბური შემოჭრა იქნება, ჩნდება კითხვა: რატომ არ დაკეტეს საჰაერო სივრცე, რატომ არ მოგვაწოდეს იარაღი შემოჭრამდე და რატომ არ დაწესდა პრევენციული სანქციები რუსეთის პრეზიდენტის გასაფრთხილებლად?“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ საპირისპირო კითხვებით უნდა მიმართოს ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს, რადგან უკრაინის ხელისუფლება სანქციების დაწესებას ითხოვდა და პარტნიორ ქვეყანასთან ერთად შავი ზღვის ფლოტის მშენებლობის სტრატეგიაც წარადგინა.

 

„ჩვენ ვამბობდით, რომ რუსეთი შავი ზღვის ბლოკირებას მოახდენდა. ასევე ვსაუბრობდით სარაკეტო პროგრამაზე. ამის შესახებ ერთი წლის წინ გავაკეთე მოხსენება და წარვადგინე პროგრამა, როგორი საჰაერო თავდაცვა გვჭირდება თავის დასაცავად. ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, თავიდან არავინ გვიჭერდა მხარს, ახლა კი მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გვქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

11 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრის შესახებ გაფრთხილებების მოსმენა არ სურდა.

 

 

big_banner
არქივი