logo_geo
დიდ ბრიტანეთში 40 000 რკინიგზელი გაიფიცა
- +

21 ივნისი. 2022. 19:41

დიდი ბრიტანეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანია Network Rail-ისა და 13 სარკინიგზო ოპერატორის ათასობით თანამშრომელი გაიფიცა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

 

ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი გაფიცვის გამო ინგლისში, უელსსა და შოტლანდიაში განრიგით გაწერილი რეისებიდან მხოლოდ ყოველი მეხუთე რეისი შესრულდება. გაფიცვა მიმდინარე კვირის ხუთშაბათს და შაბათსაც გაიმართება.

 

პროფკავშირისა და მთავრობის მოლაპარაკებები 20 ივნისის საღამომდე გაგრძელდა, თუმცა მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. პროფკავშირი რკინიგზელთა ხელფასის სულ მცირე 7%-ით გაზრდას ითხოვს, რასაც ინფლაციის ზრდით ხსნის. თავის მხრივ, დამსაქმებელი ხელფასების მხოლოდ 3%-იან ზრდას სთავაზობენ. პროფკავშირები კრიზისში ტრანსპორტის სამინისტროს ადანაშაულებენ, მინისტრი კი ამბობს, რომ კონფლიქტი პროფკავშირებმა შექმნეს.

 

ექსპერტები კრიზისის მთავარ მიზეზად კორონავირუსის პანდემიას ასახელებენ. მგზავრთნაკადმა ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 20%-ით იკლო - მატარებლით მგზავრობაზე უარი თქვეს ადამიანებმა, რომლებსაც შემოსავლის უდიდესი ნაწილი მოჰქონდათ - დიდი ქალაქების შემოგარენში მცხოვრებმა ადამიანებმა და პიკის საათებში მატარებლით მოსარგებლე ბიზნესმენებმა. ახლა ორივე კატეგორია ხშირ შემთხვევაში სახლიდან, დისტანციურად მუშაობს.

 

 

 

big_banner
არქივი