logo_geo
ჩავუშოღლუ: თურქეთი შვედეთსა და ფინეთს NATO-ში არ დაუშვებს, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი თურქეთისთვის მიცემულ დაპირებებს არ შეასრულებენ
- +

4 ივლისი. 2022. 23:03

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთსა და ფინეთს NATO-ში არ დაუშვებს, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი თურქეთისთვის მიცემულ დაპირებებს არ შეასრულებენ.

 

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთი და ფინეთი ალიანსში ვერ გაწევრიანდებიან, თუ თურქეთის პარლამენტი მათი NATO-ში გაწევრიანების განაცხადების რატიფიცირებას არ მოახდენს.

 

„შვედეთმა და ფინეთმა მემორანდუმი უნდა შეასრულონ. თუ ისინი მას არ შეასრულებენ, ჩვენ მათ NATO-ში არ მივიღებთ“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

მან გაიმეორა, რომ შვედეთმა, ფინეთმა და NATO-ს მოკავშირეებმა პატივი უნდა სცენ თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს და დასძინა, რომ ორი სკანდინავიური ქვეყნის ლიდერები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ისინი არანაირ მხარდაჭერას არ გაუწევენ ტერორისტულ ჯგუფებს.

 

30 ივნისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თურქეთისთვის მიცემული დაპირებები უნდა შეასრულონ, მათ შორის ოფიციალური სტოკჰოლმის დაპირება 73 „ტერორისტის“ ექსტრადირებაზე.

 

ერდოღანმა შვედეთსა და ფინეთს განუცხადა, რომ კვლავ შეუძლია დაბლოკოს მათი სწრაფვა NATO-ში გაწევრიანებისკენ, თუ ისინი ანკარასთან ახალ შეთანხმებას არ განახორციელებენ.

 

 

big_banner
არქივი