logo_geo
ექსპერტიზის პასუხით, ოჰაიოს შტატში ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზად პოლიციელთა მხრიდან 60 ტყვიის სროლა დასახელდა
- +

6 ივლისი. 2022. 16:03

ამერიკის შეერთებული შტატების ოჰაიოს შტატის სამიტის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრმა, რომელიც აშშ-ის ოჰაიოს შტატში მომხდარი ინციდენტის შედეგად შავკანიანი ახალგაზრდის, ჯეილანდ უოკერის გარდაცვალების მიზეზების დადგენაზე მუშაობდა, შუალედური განცხადება გაავრცელა.

 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 1 კვირის წინ მოხდა, მაშინ როდესაც პოლიციამ გადამოწმების მიზნით ახალგაზრდას მანქანის გაჩერება სთხოვა. დევნა ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მანქანიდან გადმოვიდა და გაიქცა, პოლიციის ოფიცრებისკენ შემობრუნებისას კი მას ცეცხლი გაუხსნეს. მოგვიანებით, პოლიციის დეპარტამენტმა ახსნა, რომ ოფიცრებს იგი შეიარაღებული ეგონათ, თუმცა ახალგაზრდა დაკავების მცდელობის მომენტში უიარაღო აღმოჩნდა.

 

პოლიციის მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცველებმა მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ, გარდაცვლილის მანქანის სალონში იპოვეს.

 

ცნობილია, რომ ახალგაზრდის მიმართულებით, პოლიციის 8 თანამშრომელმა ათობით გასროლა განახორციელა. განცხადებაში ასევე წერია, რომ ჯეილანდ უოკერის სხეულზე ექსპერტებმა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული 60 ჭრილობა აღმოაჩინეს. საბოლოო დასკვნა ექსპერტიზის ბიუროსგან შტატის კრიმინალური გამოძიების ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ გადაცდენებსა და დანაშაულებს იძიებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გვამი საექსპერტოს მორგში პოლიციამ მოიტანა, რომელსაც ხელებზე, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილი იყო, მაინც ხელბორკილები ეკეთა.

 

ოჰაიოს სამიტის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას თან ახლავს გარდაცვლილი ახალგაზრდის სურათები, რამაც მოსახლეობაში მღელვარება გამოიწვია.

 

CNN-ის ბიურომ ოფიციალური მიმართვის შემდეგ ნებართვა მიიღო გარდაცვალების დასკვნის დეტალური შესწავლისთვის, თუმცა ბიუროს არ მისცეს საშუალება დასკვნის ასლების გაკეთების და მიზეზად დაწესებულებაში არსებული რეგულაციები დასახელდა.

 

 

 

big_banner
არქივი