logo_geo
აშშ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას არ გამორიცხავს
- +

21 ივლისი. 2022. 16:31

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას არ გამორიცხავს. ეს შეიძლება იყოს როგორც ამერიკული, ასევე, სხვა ქვეყნების თვითმფრინავები. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა განაცხადა. ინფორმაციას „Deutche Welle“ ავრცელებს.

 

ბრაუნის თქმით, თავდაპირველად უნდა გაირკვეს, თუ რა თვითმფრინავები სჭირდებათ უკრაინელებს. შემდეგ უნდა შეფასდეს აშშ-ის და მისი მოკავშირეების შესაძლებლობები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფით არიან დაინტერესებულები. შტაბის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ამერიკული ტექნიკის გარდა, უკრაინას შეიძლება გადაეცეთ შვედური „JAS 39 Gripen“, ფრანგული „Rafale“ და ევროპული „Eurofighter“. კონკრეტულად რა ავიაგამანადგურებლებს მიიღებს უკრაინა, ამ ეტაპზე უცნობია.

 

ბრაუნმა, ასევე, დააზუსტა, რომ საბჭოთა ავიაგამანადგურებლებზე საუბარი არ მიდის, რადგანაც მათთვის ნაწილების მოძებნა საკმაოდ რთულია. პარალელურად აშშ-სა და სხვა ქვეყნებში უკრაინელი პილოტების მომზადების შესაძლებლობა განიხილება.

 

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „A10 Thunderbolt“ („მეხისმტყორცნელები“) გადასცეს.  „A10 Thunderbolt“ ძველი, მაგრამ ლეგენდარული ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავია. ცნობილია თავისი 30 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ჰატლერის ავტომატური ქვემეხით, მძიმე ჯავშნით და საოცარი სიცოცხლისუნარიანობით. ის მსოფლიოში საუკეთესო მოიერიშე თვითმფრინავად ითვლება.

 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა.

 

 

big_banner
არქივი