logo_geo
ლატვიამ რუსეთთან მოქალაქეების გამარტივებული წესით გადაადგილების შესახებ შეთანხმება შეაჩერა
- +

1 აგვისტო. 2022. 13:07

 

 

ლატვიამ რუსეთთან მოქალაქეების გამარტივებული წესით გადაადგილების შესახებ შეთანხმება შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლატვიის ხელისუფლებამ რუსეთის მიერ ფსკოვში ლატვიის საკონსულოს დახურვაზე საპასუხოდ მიიღო.

 

ფსკოვის საკონსულო ლატვიის ერთადერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა იყო რუსეთში, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ლატვიის საზღვრის კვეთის ნებართვას გასცემდა.

 

შეთანხმება ლატვიის და რუსეთის სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე გამარტივებული გადასვლის საშუალებას აძლევდა. აღნიშნული შეთანხმება დღეიდან შეჩერდა.

 

შეთანხმების შეჩერების რეკომენდაცია ლატვიის საკანონმდებლო ორგანოში მოქმედმა სამთავრობო კომისიამ გასცა.

 

ლატვიისა და რუსეთის სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების ორი ქვეყნის საზღვარზე გამარტივებული წესით გადაადგილების შესახებ შეთანხმება 2010 წლიდან მოქმედებდა.

 

შეგახსენებთ, რომ ლატვია არის ერთ-ერთი ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა.

 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა მოუწოდა ევროკავშირის, შეუერთდეს მათ გადაწყვეტილებას და რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩეროს.

 

ამასთან, რინკევიჩსმა მოუწოდა ევროკავშირს, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფო აღიაროს. ამის შესახებ განცხადება ლატვიელმა დიპლომატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელენოვკის კოლონიაში 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. კიევში მომხდარს განზრახ მოწყობილ ტერაქტს უწოდებენ, რომლის მიზანიც უკრაინელი ტყვეების წამების სამხილების განადგურება იყო.

 

„ყველა ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალების სისასტიკეს, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩადენილ სისასტიკეს მოგვაგონებს“, – განაცხადა რინკევიჩსმა.

 

 

big_banner
არქივი