logo_geo
თეთრი სახლი: ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტს არ არღვევს
- +

2 აგვისტო. 2022. 20:30

 

 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი არ წარმოადგენს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას.

 

„ჩვენ არ მივიჩნევთ ამ ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტის დარღვევად“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

 

დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. ტაიპეიში პელოსი ჩავიდა კონგრესის დელეგაციასთან ერთად, რომლებიც ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავენ.

 

„აშშ-ის სოლიდარობა 23 მილიონი ტაივანელის მიმართ დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, მაშინ როდესაც მსოფლიო დგას არჩევანის წინაშე ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნა ნენსი პელოსიმ.

 

1 აგვისტოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტი ჩინეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა იქნება.

 

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ მოელის, რომ ჩინეთი უახლოეს დღეებში გააძლიერებს თავის რეაგირებას ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ არ შეშინდება.

 

ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

 

გასული წლის 16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.

 

 

big_banner
არქივი