logo_geo
ჩინეთი სამხედრო წვრთნებს ტაივანის გარშემო ჩაატარებს
- +

2 აგვისტო. 2022. 21:10

 

 

„ჩინეთის არმია ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს  4-დან 7 აგვისტომდე ჩაატარებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ Xinhua-ს სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ჩინეთი აპირებს ტაივანის მიმდებარე ექვს რეგიონში სამხედრო წვრთნებისა და სასწავლო ღონისძიებების ჩატარებას.

 

ნენსი პელოსის ტაიბეიში ჩასვლისთანავე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი ვიზიტი სერიოზულად აისახება ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზე.

 

ცნობისთვის, აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

 

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

 

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

 

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

 

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

 

1ლ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

 

 

big_banner
არქივი