logo_geo
მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი
- +

3 აგვისტო. 2022. 19:01

 

 

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური მხარის დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის გამო, კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო.

 

გავრცელებული ცნობით, შეიარაღებული დაპირისპირება ლაჩინის მიმართულებაზე მიმდინარეობს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში განადგურებულია სომხური სამხედრო ფორმირების საარტილერიო დივიზიონი და ერთი საკონტროლო პუნქტი.

 

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ 3 აგვისტოს დილით სომხური შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, ინტენსიურად დაბომბეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციები. დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანის არმიის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

 

ყარაბაღში სროლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მედიაც, რომლის მიხედვით, აზერბაიჯანულმა სამხედრო დანაყოფებმა, 3 აგვისტოს დილიდან დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ყარაბაღის დაცვის არმიის წინააღმდეგ ყუმბარმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. მათივე ცნობით, შეტაკების შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

 

 

big_banner
არქივი