უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის გენერალური მდივანი ანიეს კალამარი რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სრულად უჭერს მხარს ანგარიშში გაკეთებულ დასკვნებს“. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც კალამარმა სააგენტო AFP-ს გაუგზავნა.
„დასკვნები ეფუძნება მტკიცებულებებს, რომლებიც შევაგროვეთ ფართო გამოძიებების დროს. ეს გამოძიებები ტარდებოდა მკაცრი სტანდარტების შესაბამისად და ისეთივე გულმოდგინებით, როგორც ეს Amnesty International-ის სხვა ანგარიშებს სჩვევია“, - აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი.
Amnesty International-მა თავის ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინული ჯარი სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Amnesty International-ის შერჩევითი მიდგომა დაგმო და განაცხადა, რომ ორგანიზაცია ცდილობს ტერორისტული სახელმწიფოს ამნისტირებასა და აგრესორიდან მსხვერპლზე პასუხისმგებლობის გადატანას.