logo_geo
პუტინი და ერდოღანი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ
- +

5 აგვისტო. 2022. 23:21

 

 

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ.

 

ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„მათ განიხილეს მნიშვნელოვანი კომპონენტი, თურქეთის რესპუბლიკისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობით – ყოველწლიურად 26 მილიარდი კუბური მეტრი მიეწოდება. მოლაპარაკებების დროს პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მოხდებოდა გაზის ნაწილობრივ მიწოდება და საფასურის რუბლებში გადახდა“, – განაცხადა ნოვაკმა.

 

ამრიგად, რუსეთის ვიცე-პრემიერის თქმით, რუსეთი და თურქეთი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე ეტაპობრივ გადასვლაზე საუბრობენ.

 

„პირველ ეტაპზე მიწოდების ნაწილის გადახდა მოხდება რუსული რუბლით. ეს მართლაც ახალი ეტაპია, ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ჩვენი ფულადი და ფინანსური ურთიერთობების განვითარებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა ნოვაკმა.

 

გარდა ამისა, ნოვაკის თქმით, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების მთავარი სფეროს ენერგეტიკა წარმოადგენს. აღნიშნული საკითხი ორი ქვეყნის ლიდერმა მოლაპარაკებების დროს დეტალურად განიხილეს.

 

რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, პუტინისა და ერდოღანის შეხვედრაზე საუბარი იყო „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე და ლიდერებმა ამ პროექტის დაწყების ვადად 2023 წელი განიხილეს.

 

ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე პუტინმა და ერდოღანმა თურქული ნაკადის გაზსადენის ფუნქციონირებაზეც ისაუბრეს. ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ფულად-საფინანსო ურთიერთობების განვითარების საკითხი.

 

„იმისთვის, რომ ჩვენმა კომერციულმა კომპანიებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ტურისტული მოგზაურობის დროს გადახდა და ვაჭრობის ფარგლებში ფულის გაცვლა, შეხვედრაზე განხილული იყო ფინანსური საბანკო ბლოკი, რაზეც მნიშვნელოვანი შეთანხმებებიც იქნა მიღწეული“, – განაცხადა ალექსანდრე ნოვაკმა.

 

 

big_banner
არქივი