logo_geo
ჩინეთი ყვითელ და ბოჰაის ზღვებში წვრთნებს განაახლებს
- +

7 აგვისტო. 2022. 19:25

 

 

„ოფიციალური პეკინის ცნობით, ყვითელ და ბოჰაის (იგივე ბოხაივანი) ზღვებში ახალ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა არაერთი ოფიციალური პირის განცხადება იმის შესახებ, რომ „ტაივანთან ახლოს რეგულარული სამხედრო წვრთნები დაიწყება“.

 

ჩინეთსა და ტაივანს შორის, ამ დრომდეც დაძაბული ურთიერთობა ბოლო დროს კიდევ უფრო დაიძაბა. როგორც BBC წერს, ოფიციალური პეკინის გაღიზიანება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს მოჰყვა.

 

1 აგვისტოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა იქნებოდა. პეკინის პოზიციის მიუხედავად, პელოსი ტაივანში ჩავიდა, რის გამოც ჩინეთის ხელისუფლებამ პელოსისა და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.

 

ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

 

გასული წლის 16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.

 

ჩინური მედიის ცნობით, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს დაიწყებს.

 

 

big_banner
არქივი