„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმებს სწორედ რუსული მხარე ახორციელებდა, მიუხედავად მათი პროპაგანდისა, რომ ამას უკრაინა აკეთებდა. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ნებისმიერი სახის აქტივობა ბირთვულ ობიექტებზე ან მათ სიახლოვეს“, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა კარინ ჟან-პიერმა მედიასთან განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
„აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო და ეროვნული სამმართველო ბირთვული საფრთხის საკითხებში, აცხადებენ, რომ რადიაციული კონტროლის ცენტრი აგრძელებს მონაცემების გაზიარებას და საბედნიეროდ, არ გვაქვს რადიაციის ზრდის ან უჩვეულო დონის ნიშნები“,- განაცხადეს ბაიდენის ადმინისტრაციაში.
კარინ ჟან-პიერ-ის თქმით, საბრძოლო მოქმედებების წარმოება ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს, უკიდურესად სახიფათოა.
„ჩვენ ვაგრძელებს რუსეთის მიმართ მოწოდებას, შეწყვიტოს ყველა საბრძოლო ოპერაცია უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ან მათ სიახლოვეს და მათზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნონ“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.