logo_geo
Wall Street Journal: ტრამპის რეზიდენციაში რეიდით FBI-მ აშშ იმ ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა, რომელთა მმართველი პარტიები სახელმწიფო ძალაუფლებას პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გამოსაძიებლად იყენებენ
- +

14 აგვისტო. 2022. 10:49

 

დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში რეიდით იუსტიციის დეპარტამენტმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) აშშ იმ ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანეს, რომელთა მმართველი პარტიები სახელმწიფო ძალაუფლებას პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გამოსაძიებლად იყენებენ. ამის შესახებ გაზეთ The Wall Street Journal-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი, კიმბერლი სტრასელი წერს.

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის არც ერთ გენერალურ პროკურორს ხელი არ მოუწერია ყოფილი პრეზიდენტის სახლში რეიდის ჩატარებაზე, რაც სისხლის სამართლის ბრალდების წაყენების საფუძველი შეიძლება გახდეს.

„იუსტიციის დეპარტამენტს დიდი ხნის გაიდლაინები აქვს პოლიტიკურად „მგრძნობიარე“ გამოძიებებზე, განსაკუთრებით არჩევნების წინ. ეს გაიდლაინები ასახავს იმის აღიარებას, რომ შეუძლებელია პოლიტიკური ფაქტორის ამოღება პოლიტიკური გამოძიებებიდან და რომ გაცხადებული დანაშაული მძიმე უნდა იყოს, რათა გადაწონოს რისკები. გამოძიება ასევე უნდა ღირდეს იმ რისკის გათვალისწინებით, რომ მან საპასუხო მოქმედებისა და ესკალაციის ტოქსიკური ციკლი შეიძლება გამოიწვიოს“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ თამასა ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყო, როდესაც გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს ეხებოდა, მით უმეტეს, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნული თანამდებობის პრეტენდენტად რჩება.

„დემოკრატები“ შეიძლება ფსონს დებენ, რომ მედიაში ტრამპის უარყოფითად გაშუქება მათ ნოემბერში [კონგრესის შუალედური არჩევნები] ან 2024 წელს [საპრეზიდენტო არჩევნები] დაეხმარება. „დემოკრატების“ დამცველები მედიაში წინდაუხედავად უგულებელყოფენ პრეცედენტებისა და ნორმების დარღვევის გრძელვადიანი პოლიტიკური საფრთხის ბუმერანგის ეფექტს“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

გაზეთ The Wall Street Journal-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი წერს, რომ ტრამპის სავარაუდო პოლიტიკურმა დევნამ მას მეორე ვადით არჩევაში შეიძლება დაეხმაროს და რომ ის უფრო თავშეუკავებელი იქნება, როგორც 47-ე პრეზიდენტი.

„[ამერიკული] მედიის ახალი სტანდარტი არის ის, რომ იუსტიციის დეპარტამენტის ეჭვის ქვეშ დაყენება არ შეიძლება, რადგან ის ცდილობს უზრუნველყოს პრინციპი, რომ „კანონზე მაღლა არავინ დგას“. ვნახოთ, რა მოხდება, როდესაც „რესპუბლიკელების“ კონტროლის ქვეშ იუსტიციის დეპარტამენტი ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამას, ერიკ ჰოლდერის, ჯეიმს კომისა და ჯონ ბრენანის სახლებში რეიდს დაიწყებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება „კიდევ უფრო ძირს უთხრის ჩვენს ინსტიტუტებს და ქვეყნის პოლარიზებას უწყობს ხელს, თუმცა ასეთია შურისძიების პოლიტიკის ბუნება“.

 

 

big_banner
არქივი