logo_geo
თეთრი სახლი: FBI-მ და გენერალურმა პროკურორმა ადმინისტრაციას არ აცნობეს, რომ ტრამპის რეზიდენციაში რეიდი იგეგმებოდა - ჩვენ არ ვერევით, პოლიტიზება არაფერ შუაშია
- +

15 აგვისტო. 2022. 13:01

 

 

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ არც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და არც გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა ბაიდენის ადმინისტრაციას არ აცნობეს, რომ ფედერალური საგამოძიებო უწყება ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში რეიდის ჩატარებას აპირებდა.

„ჩვენ არ ვერევით. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია ზუსტად ისევე მივიღეთ, როგორც ამერიკელმა ხალხმა, ანუ მედიასაშუალებების მეშვეობით. ასე გავიგეთ, რა ხდება. როდესაც საქმე ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, იუსტიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელია. ეს არის ის, რისიც ჩვენ გვჯერა და ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა განაცხადა. პოლიტიზება არაფერ შუაშია“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

11 აგვისტოს, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ პირადად დაამტკიცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარების ორდერი.

 

აღსანიშნავია, რომ მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.

გარდა ამისა, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოს ჩხრეკის ორდერის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართავს.

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები აღმოაჩინა, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

 

 

big_banner
არქივი