logo_geo
მელანია ტრამპმა საზოგადოება გააოცა - პირველი ლედის ხიბლი
- +

29 მაისი. 2017. 00:24



აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის პირველი საზღვარგარეთული ტურნე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღება მელანია ტრამპის ჩაცმულობამ მიიქცია. 


CNN წერს, რომ საუდის არაბეთში ვიზიტისას, თვითმფრინავიდან ფეხის გადმოდგმისთანავე, მელანია ტრამპს ეტყობოდა, რომ ჩაცმულობაზე ბევრი იფიქრა და დიპლომატიური მოდის პრინციპების მიხედვით შეიმოსა, რაც მისი წინამორბედის, მიშელ ობამას შემთხვევაშიც, ძალიან კარგად ამართლებდა.


როგორც CNN წერს, საზღვარგარეთულმა ტურნემ არამხოლოდ მელანიას გემოვნება აჩვენა საზოგადოებას, არამედ - მისი დამოკიდებულება მეუღლესთან და ხალხთან.


 

სად რა ეცვა აშშ-ის პირველ ლედის

 


საუდის არაბეთში ვიზიტის დროს მელანია ტრამპს დიზაინერ სტელა მაკარტნის სამოსი ეცვა. მოდის კრიტიკოსებმა ის მუსლიმი ქალების ტრადიციულ სამოსს შეადარეს.


საუდის არაბეთში მელანია და ივანკა ტრამპები ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის გარეშე ჩავიდნენ. CNN ყურადღებას ამახვილებს დონალდ ტრამპის რამდენიმე წლის წინანდელ განცხადებაზე, სადაც მან მიშელ ობამა იმის გამო გააკრიტიკა, რომ საუდის არაბეთში თავსაბურავი არ ეფარა.


„ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მიშელ ობამა კარგად მოიქცა, თავსაბურავის ტარებაზე რომ უარი თქვა, მაგრამ ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ჩვენ საკმარისად გვყავს მტრები", - დაწერა დონალდ ტრამპმა twitter-ზე 2015 წლის 29 იანვარს.


ისრაელში აშშ-ის პირველი ლედი თეთრ სამოსში გამოეწყო - ეს ფერი ისრაელში სიწმინდისა და მშვიდობის სიმბოლოდ მიიჩნევა.



რომის პაპთან შეხვედრაზე, მელანია ტრამპი შავი სამოსითა და თავზე ბადით იყო წარმოდგენილი.


 

ბრიუსელში კრემისფერი პიჯაკითა და ქვედაბოლოთი წარსდგა. სამოსი ბელგიელმა დიზაინერმა შექმნა.

 


იტალიისთვის აშშ-ის პირველმა ლედიმ დოლჩე & გაბანას სამოსი შეარჩია. მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მისმა ყვავილებიანმა მოსაცმელმა, რომლის ღირებულება 51 500 დოლარია.



თეთრ სახლში ლორა ბუშის მომსახურე პერსონალის უფროსის ანიტა მაკბრიჯის შეფასებით, მელანია ტრამპს ეტყობოდა, რომ წინასწარ კარგად იყო მომზადებული და დონალდ ტრამპის გვერდით იქცეოდა ისე, როგორც მისი მეუღლე. თუმცა ვიდეოკამერებმა უხერხული და არასასიამოვნო მომენტებიც დააფიქსირეს. მაგალითად, სიტუაცია, როდესაც ტრამპმა სცადა, მეუღლის ხელზე ხელი მოეკიდა, თუმცა მელანიამ ამის საშუალება არ მისცა და ხელი გააშვებინა.



ანიტა მაკბირჯის აზრით, მელანიამ მალევე გააცნობიერა, რომ მეუღლის მიმართ მისი ჟესტი უხეში იყო, ამიტომ სხვა ვიზიტების დროს, იმაზე ხშირად ჰკიდებდა ქმარს ხელს ხელზე, ვიდრე ჩვეულებრივ. პარასკევს, აშშ-ის პირველმა ლედიმ მეუღლესთან ერთად სიცილიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ისტორიკოსი კეიტ ანდერსენ ბროუერი ფიქრობს, რომ რეალურად, არავინ იცის, როგორი ურთიერთობაა დონალდ და მელანია ტრამპებს შორის და ეს მათი მეგობრების დამსახურებაა, ვინაიდან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ცოლ-ქმრის პირადი ცხოვრების შესახებ.


ბროუერი იმასაც უსვამს ხაზს, რომ მიუხედავად ცოლ-ქმარს შორის არსებული მცირე დაძაბულობისა, მელანია საჭირო დროს ყოველთვის მეუღლის გვერდით არის.



„ჩემი აზრით, ასეთი საქციელით მელანია მნიშვნელოვან გზავნილს აწვდის აშშ-ის მოსახლეობას, რომ მას უყვარს ქმარი, სჯერა მისი და ხალხიც უნდა ენდოს მას", - აცხადებს ბოუერი.


მაკბრიჯი კი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საზღვარგარეთულმა ტურმა ყველას აჩვენა, როგორი დიდი სურვილი აქვს მელანია ტრამპს, აქტიური პირველი ლედი იყოს.

 


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი