logo_geo
ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
- +

13 სექტემბერი. 2022. 20:06

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები.

 

„სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ღამით ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რათა გამოეხატა ღრმა შეშფოთება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით, სომხეთის ტერიტორიის დაბომბვის ჩათვლით. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ იმუშავებს საბრძოლო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად“, - აცხადებს ნედ პრაისი.

 

ამასთანავე, ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რათა გამოეხატა ღრმა შეშფოთება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების, მათ შორის სომხეთის ტერიტორიის დაბომბვის შესახებ ცნობების გამო.

 

„სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა სამხედრო ქმედებების შეწყვეტის აუცილებლობას და დაარწმუნა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომ აშშ იმუშავებს საბრძოლო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად“, - აცხადებს ნედ პრაისი.

 

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ღამით, აზერბაიჯანთან შეტაკების დროს, 49 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

 

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.

 

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის პირად შემადგენლობაში დანაკარგებია.

 

 

big_banner
არქივი