logo_geo
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
- +

14 სექტემბერი. 2022. 01:52

 

 

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს საზღვართან მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს.

 

სამინისტროში აღნიშნეს, რომ 13 სექტემბერს ადგილობრივი დროით, 16:55 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის მახლობლად მდებარე პოზიციებიდან არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც ლაჩინის რაიონში ახმედლის მიმართულებით მდებარეობს.

 

უწყების ცნობით, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს.

 

„09:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, სომხეთი ინტენსიურად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს საზღვრის გასწვრივ არტილერიისა და სხვა მძიმე იარაღის გამოყენებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთან კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ფილიპ რიკერთან საზღვარზე დაძაბული ვითარების შესახებ ისაუბრა.

 

აზერბაიჯანის მეთაურმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა მიიღო ზომები სომხეთის „პროვოკაციებზე საპასუხოდ და მათზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას“.

 

შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და სამშვიდობო დღის წესრიგის გაგრძელებას.

 

სასაზღვრო ზოლში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარეც.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არამ ტოროსიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 18:00 საათისთვის ვითარება კვლავ დაძაბულია.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, შუაღამისას დაწყებული დაბომბვის ინტენსივობა შემცირდა. მთელი დღის განმავლობაში მტერი სპეცრაზმის გამოყენებით ცდილობს უზრუნველყოს პოზიციური წინსვლა. ნერკინ ანდის, ვერინ შორჟას, არტანიშისა და სოტკის დასახლებების მიმართულებაზე“, - განაცხადა ტოროსიანმა.

 

 

big_banner
არქივი