logo_geo
რუსეთის ფედერალური სამსახური ადასტურებს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან მძიმე ტექნიკა განათავსა
- +

26 სექტემბერი. 2022. 16:37

 

 

რუსეთის ფედერალური სამსახური ადასტურებს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან მძიმე ტექნიკა განათავსა.

 

„ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი, გაარღვიოს საზღვარი. „ბეტეერი“ მოძრაობს სასაზღვრო ზონისკენ, არ იგეგმება ბლოკსაგუშაგოს გახსნა, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ თუ რეზერვისტებს გაუჩნდებათ საზღვრის გარღვევის სურვილი, შესაბამისად ვიმოქმედოთ.

 

არანაირი გამშვები პუნქტი არ შეიქმნება. საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა“,  -  განუცხადეს გამოცემა РБК-ს ჩრდილოეთ ოსეთის ალანიის რესპუბლიკაში „ФСБ“-ს სასაზღვრო სამმართველოში.

 

26 სექტემბერს სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ თვითმხილველებმა ფოტოები გაავრცელეს, სადაც „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან ჯავშანმანქანები ჩანს, რომლებზეც სამხედრო ფორმებში ჩაცმული შეიარაღებული ადამიანები შენიღბული სახეებით სხედან.

 

თვითმხილველები, რომლებიც საქართველოში გადმოსვლას ცდილობენ, ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებს, რომლებიც „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ცდილობენ, პრობლემები ექმნებათ.

 

„ტელეგრამის“ ერთ-ერთ ჩატში, რომელიც უკვე 120 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, წერენ, რომ კავკასიელებს დაკითხვაზე ცალკე ოთახში აგზავნიან და მათ ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან.

 

 

 

big_banner
არქივი