logo_geo
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანი ალყაში მოაქციეს
- +

30 სექტემბერი. 2022. 10:45

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი ალყაში მოაქციეს. ამ ინფორმაციას რუსი სამხედრო ბლოგერები ავრცელებენ და ის ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმაც (ISW) დაადასტურა. ინფორმაციას „Deutche Welle“ ავრცელებს.

 

ლიმანში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ალყაში მას შემდეგ მოხვდა, რაც უკრაინელებმა დასახლება სტავოკთან რუსების დაცვის ხაზი გაარღვიეს და ტორსკოე-დრობიშევოს დამაკავშირებელი გზა დაიკავეს. ეს ლიმანის დაჯგუფებასთან დამაკავშირებელი ბოლო გზა იყო.

 

ISW-ს ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ლიმანში დარჩენილი რუსული მე-20 არმიის ნაწილები და „ბარს-13“-ის ქვედანაყოფები ალყის გარღვევას ვერ მოახერხებენ, ისინი ან ტყვედ ჩავარდებიან, ან განადგურებულები იქნებიან.

 

რუსულმა ძალებმა, ასევე, დატოვეს ლიმანის აღმოსავლეთით მდებარე დასახლება იამპილი.

 

ზარიჩნე-ტორსკოეს სოფლებში ბრძოლები გრძელდება და მასზე გამავალი გზები უკრაინელების საცეცხლე კონტროლის ქვეშაა.

 

ლიმანის ალყა იზიუმის კატასტროფის მსგავსად ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის. ლიმანის აღებით უკრაინა დაიწყებს ლუგანსკი-დონეცკის  მიმართულებაზე ფართომასშტაბიან შეტევას. შემდეგი ეტაპი, სავარაუდოდ, ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მიმართულებით უკრაინელების შეტევა იქნება.

 

 

big_banner
არქივი