აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა და განაცხადა, რომ აშშ და NATO მზად არიან, NATO-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვან.
„პუტინი და მისი უგუნური სიტყვები და მუქარა ვერ დააშინებს ამერიკასა და მის მოკავშირეებს. პუტინის ქმედებები იმის ნიშანია, რომ მას უჭირს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ამერიკა სრულად არის მზად, NATO-ს მოკავშირეებთან ერთად NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაიცვას. ასე რომ, ბატონო პუტინ, სწორად გაიგეთ, რასაც ვამბობ. ყოველი სანტიმეტრი“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისათვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რათა უკრაინამ თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან.