logo_geo
რუსეთის დუმამ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა
- +

3 ოქტომბერი. 2022. 16:29

 

 

რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა. ე.წ. ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთთან მიერთებას 413 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისას – 412-მა, ზაპოროჟიეს ოლქის – 409-მ, ხოლო ხერსონის – 411-მა. ოთხივე შემთხვევაში გადაწყვეტილების წინააღმდეგ არავინ წასულა.

 

მოგვიანებით, რუსეთის დუმის სპიკერმა განმარტება გააკეთა, რატომ აისახა ტაბლოზე მხარდამჭერი დეპუტატების სხვადასხვა რაოდენობა. ვიაჩესლავ ვოლოდინმა სთხოვა დეპუტატებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ. ამის შემდეგ დუმის დეპუტატები შეუდგნენ უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ საკონსტიტუციო პროექტების განხილვას.

 

შეთანხმებები, რომლებიც უკრაინის ოლქებში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელებთან გაფორმდა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა. სერგეი ლავროვმა თავის გამოსვლაში გააკრიტიკა აშშ და განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს უფლება, დაიცვას რუსები და რუსულენოვანი მოქალაქეები უკრაინაში.

 

ხვალ, უკრაინის ოკუპირებული ოლქების რუსეთის ფედერაციაში შეყვანა უნდა დაამტკიცოს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ.

 

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიის შესახებ შეთანხმებებს ხელი 30 სექტემბერს მოაწერა.

 

 

big_banner
არქივი