logo_geo
ბულგარეთის პრეზიდენტი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების მკაფიო პარამეტრების განხორციელების შემდეგ უნდა მივიღოთ
- +

3 ოქტომბერი. 2022. 23:48

 

 

ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი არ იზიარებს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ მიღებული დეკლარაციის სრულ ტექსტს, თუმცა მხარს უჭერს დოკუმენტში მოცემულ სხვა პოზიციებს.

 

„ბულგარეთი 2008 წლის ბუქარესტის NATO-ს სამიტის დეკლარაციის ნაწილია, თუმცა ეს დეკლარაცია მიღებული იყო უსაფრთხოების სრულიად განსხვავებულ გარემოში. დღეს უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო მოქმედებები მოითხოვს, რომ მისი წევრობა ალიანსში განიხილებოდეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სრული შემადგენლობის ფარგლებში და არ გამოიწვიოს ომში NATO-ს ქვეყნების უშუალო ჩართვის რისკი“, - ნათქვამია ბულგარეთის პრეზიდენტის განცხადებაში.

 

ბულგარეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მკაფიო პარამეტრები შემუშავდება და განხორციელდება.

 

1 ოქტომბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს.

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს, ხოლო ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა.

 

 

big_banner
არქივი