logo_geo
თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით
- +

6 ოქტომბერი. 2022. 00:18

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

 

„პრეზიდენტი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც გლობალური ეკონომიკა პუტინის უკრაინაში შეჭრის უარყოფით გავლენას უმკლავდება“, - აღნიშნეს თეთრ სახლში.

 

თეთრ სახლში ასევე განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი გააგრძელებს იმის შეფასებას, გამოათავისუფლოს თუ არა ნავთობის სტრატეგიული მარაგები ფასების შესამცირებლად.

 

ამერიკელი ოფიციალური პირების განაცხადებით, ვაშინგტონს ნავთობის ფასების შემცირება ნაწილობრივ იმიტომ სურს, რომ რუსეთს ნავთობის გაყიდვიდან შემოსავალი შეუმცირდეს.

 

დღეს, ვენაში გამართულ შეხვედრაზე OPEC+-ის ქვეყნები დღეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ.

 

OPEC-ში ნავთობის მომპოვებელი 13 ქვეყანა შედის, მათ შორის საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ერაყი, ირანი, ვენესუელა და ა.შ. გაფართოებულ ფორმატში (OPEC+) კიდევ 10 სახელმწიფოა ჩართული, მათ შორის აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი და ა.შ.

 

 

big_banner
არქივი