logo_geo
რუსეთის კალუგის ოლქში აეროდრომზე დრონი აფეთქდა
- +

7 ოქტომბერი. 2022. 16:55

 

 

კალუგის ოლქში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა, რომელიც „უკრაინის ტერიტორიიდან მოფრინდა“. ინფორმაცია კალუგის ოლქის ხელმძღვანელმა ვლადისლავ შაპშამ გაავრცელა. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

„კალუგის ოლქის შაიკოვკას სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა. ის, სავარაუდოდ უკრაინის საზღვრის მხრიდან მოფრინდა“, - დაწერა შაპშამ ტელეგრამ-არხზე.

 

მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ტექნიკას და აეროდრომის ინფრასტრუქტურას ზარალი არ მიადგა. ამჟამად ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

 

შაიკოვკას აეროდრომი კალუგის ოლქის დასავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვრიდან 200 კმ-ში მდებარეობს. იქ მძიმე ბომბდამშენების პოლკია განთავსებული.

 

თავად კალუგის ოლქი მოსკოვის ოლქს ესაზღვრება.

 

ცნობისთვის, ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინაში კამიკაძე-დრონების გამოყენება აქტიურად დაიწყო. ექსპერტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში რაკეტების სერიოზული დეფიციტია. რუსეთი ირანულ დრონებს იყენებს, თუმცა თეირანმა რუსეთისთვის საბრძოლო საფრენი აპარატების გადაცემა რამდენჯერმე უარყო.

 

big_banner
არქივი