სანკტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ საახალწლოდ სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, თანხები მოხალისეების აღჭურვას და უკრაინაში ომისთვის მობილიზებულებს მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამზე სანკტ-პეტერბურგის მერი ალექსანდრ ბეგლოვი ავრცელებს.
„ქალაქის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალ წელს დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმების შესახებ. დაზოგილ თანხებს გამოვიყენებთ დამატებითი აღჭურვილობისა და მობილიზებულების დასახმარებლად“, - აცხადებს ბეგლოვი.
მერის განცხადებით, არ ჩატარდება კონცერტი სასახლის მოედანზე და ნევის პროსპექტზე, გაუქმდა ფოიერვერკი და საქველმოქმედო მიღება თავრიდის სასახლეში. ამავდროულად, სანკტ-პეტერბურგის მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო პროგრამები ბავშვებისთვის არ გაუქმებულა.