logo_geo
ყალმუხეთი რუსეთის ფედერაციიდან გასვლას გეგმავს
- +

4 ნოემბერი. 2022. 11:36

 

 

რუსეთის ფედერაციაში შემავალი ყალმუხეთის რესპუბლიკის კონგრესმა დეკლარაცია მიიღო, რომლის მიხედვით ის რუსეთიდან გასვლას აპირებს. ამის შესახებ rbc.ua იუწყება.

 

„ვაცხადებთ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, მივაღწიოთ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან ყალმუხეთის რესპუბლიკის გასვლას და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას“, - წერია დეკლარაციის ტექსტში.

 

კონგრესის დეკლარაციაში ჩამოყალიბებულია რუსეთის დღევანდელი რეჟიმის მიმართ პრეტენზიების ჩამონათვალი. მათ შორის არის ქვეყნის „ცენტრალიზაცია და მილიტარიზაცია“, „კრემლის ტოტალური შეტევა რუსეთის მიერ დაპყრობილი ხალხების კულტურაზე და ენაზე, ასევე, საერთაშორისო დანაშაულები და კიდევ რამდენიმე პუნქტი, რომლებიც რუსული პოლიტიკის ავტორიტარიზმზე და იმპერიალიზმზე მიუთითებს.

 

როგორც ტელეკომპანია FREEДОМ-ის ეთერში აქტივისტმა, იურისტმა, ცენტრ „მემორიალის“ წარმომადგენელმა დაავრ დორჟინმა განაცხადა, ყალმუხეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილზე უდიდესი გავლენა 21 სექტემბერს პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია გახდა.

 

„ეს რუსეთის ფედერაციის ისტორიაში პირველი და, იმედი მაქვს, ბოლო მობილიზაციაა. აქამდე მსგავსი ქმედების არანაირი პრაქტიკა არ არსებობდა. ამიტომ სამხედრო კომისარიატებს და ხელისუფლების ორგანოებს მიაჩნდათ, რომ მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ პრაქტიკულად რაც სურდათ“, - განაცხადა აქტივისტმა.

 

მისი ინფორმაციით, მობილიზაციის გამო მისი ბევრი თანამოქალაქე მონღოლეთში გაიქცა.

 

ყალმუხეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტია. ის დონის როსტოვს, ვოლგოგრადის და ასტრახანის ოლქებს, ასევე, ჩეჩნეთის რესპუბლიკას ესაზღვრება.

 

 

big_banner
არქივი