logo_geo
ჯო ბაიდენი: ვიდრე პრესა და ექსპერტები პროგნოზირებდნენ გიგანტურ წითელ ტალღას, ეს არ მოხდა, არჩევნების დღე კარგი დღე იყო დემოკრატიისთვის
- +

10 ნოემბერი. 2022. 10:26

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, არჩევნების დღე კარგი დღე იყო დემოკრატიისთვის, თუმცა შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელები კვლავინდებურად იმედგაცრუებული არიან. პრეზიდენტის თქმით, მას ესმის ამომრჩეველთა იმედგაცრუების, რადგან „ძალიან რთული რამდენიმე წელი იყო ქვეყანაში მრავალი ადამიანისთვის“. ბაიდენმა გაიხსენა „კოვიდ-19“-ის პანდემია და ეკონომიკური კრიზისი.

 

„გუშინ გვქონდა არჩევნები და ვფიქრობ, ეს იყო კარგი დღე, დემოკრატიისთვის და ამერიკისთვის. ჩვენმა დემოკრატიამ ბოლო წლებში გამოცდა გაიარა. მაგრამ თავისი არჩევანით, ამერიკელმა ხალხმა თქვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატია არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ. ქვეყნის მასშტაბით შტატებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა იყო. ჩვენ არ ვიცით, ჯერ ყველა შედეგი. ვიდრე პრესა და ექსპერტები პროგნოზირებდნენ გიგანტურ წითელ ტალღას, ეს არ მოხდა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული დაკარგული მანდატი მტკივნეულია“,- განაცხადა ბაიდენმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მზად არის რესპუბლიკელებთან თანამშრომლობისთვის, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაზეც კომპრომისზე ვერ წავა.

 

„ამერიკელმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ ისინი რესპუბლიკელებისგან ასევე მოელიან ჩემთან თანამშრომლობას“,- აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

 

მისი თქმით, გამოიყენებს ვეტოს უფლებას, აბორტის აკრძალვის მცდელობის შემთხვევაში და წინააღმდეგი იქნება მდიდრებისთვის გადასახადების შემცირების, იმ შემთხვევაში თუ ამას რესპუბლიკელები მოითხოვენ.

 

ბაიდენი იმედს გამოთქვამს, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, უკრაინისთვის დახმარების მისაწოდებლად.

 

„საგარეო პოლიტიკის სფეროში ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ორპარტიულ მიდგომას უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

მისივე თქმით, ნებისმიერი მანდატის დაკარგვა მტკივნეულია, თუმცა ბაიდენი აღნიშნავს, რომ მისმა პარტიამ იმაზე ცოტა ადგილი დაკარგა წარმომადგენელთა პალატაში, ვიდრე ნებისმიერი პირველი შუალედური არჩევნების დროს სხვა დემოკრატმა პრეზიდენტებმა ბოლო 40 წლის განმავლობაში.

 

დიდი ოცეულის სამიტიდან დაბრუნების შემდეგ, ჯო ბაიდენი აპირებს თეთრ სახლში მიიწვიოს დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერები, რათა განიხილონ შემდგომი პრიორიტეტები.

 

რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას, პრეზიდენტის თქმით, ის ამაზე ფიქრობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს და ამის შესახებ საზოგადოებას სავარაუდოდ, მომდევნო წლის დასაწყისში აცნობებს.

 

 

big_banner
არქივი