საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როდის დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან.
„უკრაინა გადაწყვეტს რა გააკეთოს. ჩვენი მოვალეობაა მათი მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
12 ნოემბერს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესს რუსეთი აფერხებს, უკრაინა კი დათმობებზე არ უნდა წავიდეს.