logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: პოლონეთის პრეზიდენტს რუსული აგრესიის გამო ორი მოქალაქის დაღუპვა მივუსამძიმრე, უკრაინის პოზიცია გამჭვირვალეა, ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი
- +

17 ნოემბერი. 2022. 11:05

 

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან პოლონეთის პრეზიდენტს რუსული აგრესიის გამო, ორი მოქალაქის დაღუპვა მიუსამძიმრა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, გაიმართა ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მორიგი შეხვედრა რუსული სარაკეტო ტერორის ახალ ტალღასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ განცხადებებს, ვმუშაობთ პარტნიორებთან, ვიცავთ უკრაინის ინტერესებს. რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოში ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება. ყველა იმ გარემოების გარკვევა, თუ როგორ გადალახა რუსულმა აგრესიამ პოლონეთის საზღვარი. უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი.

 

ამიტომ გვჭირდება, რომ ჩვენი სპეციალისტები, შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიების მუშაობას და მივიღოთ წვდომა ყველა იმ მონაცემზე, რომელიც ხელმისაწვდომია პარტნიორებისთვის და აფეთქების ადგილთან.

 

მთელი ჩვენი ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია. ჩვენ მას ვაძლევთ პარტნიორებს ღამიდან მოყოლებული, იმ პირველივე საათებიდან, როდესაც მსოფლიომ დაიწყო იმის გარკვევა, თუ რა მოხდა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

მანამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტით იყო გამოწვეული.

 

„წინასწარი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ, რომელიც გაშვებული იყო უკრაინული ტერიტორიის რუსეთის ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არაა უკრაინის ბრალი. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

big_banner
არქივი