logo_geo
ვის და რას ირჩევს ბრიტანელი ხალხი?!
- +

7 ივნისი. 2017. 01:26



ორ დღეში ბრიტანელები ახალ პარლამენტს ირჩევენ. ქვეყანაში 8 ივნისს საყოველთაო არჩევნები ჩატარდება. ეს არის ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორე შემთხვევა, როდესაც ბრიტანელებს არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთებთან უწევთ. მათ საშუალება ეძლევათ, გადაწყვიტონ, ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს პარლამენტში და ვინ გაუძღვება ქვეყანას.


ყველაფერი 2016 წლის რეფერენდუმით დაიწყო. 2016 წლის 23 ივნისს  ბრიტანეთში, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობის 51, 9 % - მა  ევროკავშირის დატოვების სურვილი გამოთქვა. ამის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა მოქმედი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი. დაინიშნა ახალი პრემიერი - ტერეზა მეი, რომელმაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაიწყო. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით პარლამენტის აზრი ორად გაიყო, ამიტომ აუცილებელი გახდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.


2017 წლის 19 აპრილს თემთა პალატამ არჩევნების დანიშვნის საკითხს კენჭი უყარა. ინიციატივას მხარი 522-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგ წავიდა.


2 მაისს დაითხოვეს პარლამენტი და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.  საარჩევნო კამპანია ორჯერ შეწყდა - 22 მაისს - მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემდეგ და 4 ივნისს - ლონდონის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შემდეგ. დადგა საკითხი არჩევნების გაუქმების შესახებ, თუმცა პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ არჩევნები ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება. მას ეთანხმება ოპოზიციაც - საყოველთაო არჩევნები ბრიტანეთში 8 ივნისს ჩატარდება. 


რატომ ტარდება არჩევნები 8 ივნისს


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ საყოველთაო არჩევნები 8 ივნისს, დაგეგმილზე სამი წლით ადრე დანიშნა.


არჩევნების დანიშვნის მთავარი მიზეზი ტერეზა  მეისთვის  ბრექსითის მოლაპარაკებების პროცესში  კონსერვატიული პარტიის ძალაუფლების გამყარება იყო. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები  პარლამენტში ბრექსითის პროცედურას ხელს უშლიან, რითაც პროცესი ჭიანურდება.


ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, პრემიერის  კონსერვატიულ პარტიას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ხალხში, ამიტომ მეი ვარაუდობს, რომ არჩევნების შემდეგ მის პარტიას თემთა პალატაში უმრავლესობის მოპოვება შეუძლია.


რა არის  საყოველთაო არჩევნები


საყოველთაო არჩევნების საშუალებით ბრიტანელებს საშუალება ეძლევათ, გადაწყვიტონ, ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს პარლამენტში და ვინ გაუძღვება ქვეყანას. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ბრიტანეთის ნებისმიერი მოქალაქეს, რომელიც გახდა 18 წლის და დარეგისტრირებულია.


როგორც წესი, კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ,  თუმცა მათ საშუალება აქვთ დამოუკიდებლადაც  იყარონ კენჭი.  ამომრჩეველი ხმას აძლევს კანდიდატს, რომელიც მის საცხოვრებელ ოლქში იყრის კენჭს. პირი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს,  ხდება თემთა პალატაში იმ რეგიონის წარმომადგენელი.


პოლიტიკური პარტიის ლიდერი , რომლის გუნდის წევრებიც ყველაზე მეტ ადგილს მოიპოვებენ პარლამენტში,   პრემიერ-მინისტრი ხდება. მას  ამ პოსტზე დედოფალი წარადგენს. მეორე ადგილზე გასული პარტია, როგორც წესი, ოპოზიციაში გადადის. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი პარტია მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას, იწყება კოალიციების შექმნა.


რა არის მანიფესტი


წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიები მანიფესტს აქვეყნებენ. მანიფესტში წერია, რას გააკეთებს პარტია მოგების შემთხვევაში, რა არის პარტიებისთვის მნიშვნელოვანი, რის შეცვლას აპირებს პარტია გამარჯვების შემთხვევაში. ხალხი საკუთარ რჩეულს სწორედ მანიფესტის მიხედვით ირჩევს.


რა მანიფესტები გამოქვეყნდა


„კონსერვატიულმა პარტიამ" საკუთარი მანიფესტი 18 მაისს გამოაქვეყნა, სახელწოდებით „წინ, ერთად: ჩვენი გეგმა ძლიერი ბრიტანეთისთვის და გაბრწყინებული მომავლისთვის".


„ლეიბორისტულმა პარტიამ" მანიფესტი, სახელწოდებით „ბევრისთვის და არა ცოტასთვის", 16 მაისს გამოაქვეყნა - ჯერემი კორბინი ხალხს ჰპირდება, რომ გაზრდის მოგების  გადასახადს მათთვის, ვისი  წლიური შემოსავალიც 80 000-დან 123 000 ფუნტამდე მერყეობს.


ლიბერალ-დემოკრატებმა მანიფესტი 17 მაისს გამოაქვეყნეს. მათი ლიდერი ტიმ ფარონი ირწმუნება, რომ ევროკავშირის შესახებ კიდევ ერთ რეფერენდუმს ჩაატარებს.


შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ მანიფესტი 30 მაისს გამოაქვეყნა. ისინი შოტლანდიაში რეფერენდუმის ჩატარების და ბრექსითის პროცედურის შეჩერების პირობას დებენ.


ბრიტანეთის დამოუკიდებელმა პარტიამ მანიფესტი 25 მაისს გამოაქვეყნა. პარტია ექსტრემიზმთან ბრძოლას აპირებს.


როდის ჩატარდება მომდევნო საყოველთაო არჩევნები


2017 წლის საყოველთაო არჩევნების  შემდეგ მომდევნო არჩევნები ქვეყანაში 2022 წელს უნდა ჩატარდეს. ბრიტანეთში არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება.  თუმცა შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც. ამ შემთხვევაში აუცილებელია პარლამენტართა ორი მესამედის თანხმობა.


ბრექსითი?!


ბრიტანეთი ახლა ევროკავშირის დატოვების პროცესშია. მოლაპარაკებები ამ თემაზე ოფიციალურად ივნისიდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არჩევნები უკვე ჩატარებული იქნება და  ამ პროცესს გამარჯვებული პარტია გაუძღვება.


თუ  ამ არჩევნებს ტერეზა მეი მოიგებს,  ეს მისთვის იქნება ხალხისგან მინიჭებული მანდატი, რომ დაასრულოს ბრექსითის პროცესი.


თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც ბრექსითს ეწინააღმდეგება, გაიმარჯვებს, მაშინ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.


ვინ მონაწილეობს  არჩევნებში


არჩევნებში მონაწილეობს 68 პარტია და 191 დამოუკიდებელი კანდიდატი, საერთო ჯამში  -  3,304 კანდიდატი.


როგორ არის გადანაწილებული ადგილები ბრიტანეთის პარლამენტში


ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატიულ პარტიას  339 ადგილი აქვს. ლეიბორისტებს - 228;

 

შოტლანდიის ეროვნულ პარტიას - 54;

 

ლიბერალ-დემოკრატებს - 9;

 

მწვანეთა პარტიას კი მხოლოდ ერთი ადგილი.


ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით,  ორი მთავარი პარტიის - კონსერვატორებისა და ლეიბორისტების ამომრჩეველთა რაოდენობა თითქმის გათანაბრდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი