logo_geo
შარლ მიშელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ზელენსკის ინიციატივას 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ - თქვენ გსურთ დასრულდეს ეს აგრესიული ომი და ევროკავშირი იზიარებს ამ მიზანს თქვენთან ერთად
- +

19 იანვარი. 2023. 20:16

"ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივას 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ - თქვენ გსურთ დასრულდეს ეს აგრესიული ომი და ევროკავშირი იზიარებს ამ მიზანს თქვენთან ერთად", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში განაცხადა.

„ივნისში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უკრაინისათვის მინიჭება. ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს პასუხი გაეცა. უკრაინა არის ევროკავშირი და ევროკავშირი არის უკრაინა. და ჩვენ არ უნდა დავიშუროთ მცდელობა, რომ ეს დაპირება რაც შეიძლება სწრაფად რეალობად ვაქციოთ.

ვოცნებობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს და იმედი მაქვს, რომ მალე უკრაინელი დაიკავებს ჩემს სამუშაო ოთახს, გახდება ევროსაბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტის ან კომისიის პრეზიდენტი. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ დავეხმაროთ უკრაინას საბრძოლო ფორმის შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ დრომდე თითქმის 50 მილიარდი ევროს დახმარება გვაქვს გათვალისწინებული და აქედან 18 მილიარდი ევრო გარანტირებულია 2023 წლის ბიუჯეტის მხარდასაჭერად. ჩვენ უზრუნველვყავით უსაფრთხო თავშესაფარი თქვენი მილიონობით მოქალაქისათვის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც ელოდნენ დაცვას და თავშესაფარს ევროკავშირში - და ასე გააგრძელებენ წევრი ქვეყნები მანამდე ვიდრე ეს საჭირო იქნება. მომავალი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება. მეტი გჭირდება. მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მეტი დისტანციური რაკეტა და საბრძოლო მასალა და ყველაზე მეტად უკრაინას სჭირდება ტანკები. ჩვენ ასევე მხარს გიჭერთ საერთაშორისო დონეზე, უკრაინის საზღვრებს მიღმა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რუსეთის იზოლაციისთვის. ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა მძიმე სანქციების ცხრა პაკეტი და ეს არ არის დასასრული. ჩვენ ასევე ბევრს ვმუშაობთ თქვენი ქვეყნისთვის ყველაზე ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციის უზრუნველსაყოფად აფრიკაში, აზიაში, ჩინეთსა და ლათინურ ამერიკაში, უცხოელ ლიდერებთან ყოველ შეხვედრაზე, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა პირველი საკითხია. ჩვენ გავყინეთ 300 მილიარდ ევროზე მეტი რუსული აქტივები. მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს თანხა უკრაინის აღსადგენად უნდა გამოვიყენოთ. და ბოლოს, ყველა პასუხისმგებელმა პირმა , ყველამ გამონაკლისის გარეშე უნდა იყოს და აუცილებლად აგებს პასუხს. პასუხისმგებელი პირები ანგარიშვალდებულები არიან საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინაშე და ყველა მსხვერპლის წინაშე. ყველა დაზარალებულ უკრაინელ ქალს, ბავშვებსა და მამაკაცებს, ყველას, ვინც დაკარგა მშობელი, შვილი, ძმა, და, ბრძოლის ველზე მებრძოლებს, ომის მხარდამჭერებს და დაჭრილებს მინდა ვუთხრა - დადგება მომენტი და აღსრულდება სამართალი“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერის კონკრეტული ზომები განიხილა.

big_banner
არქივი