logo_geo
დონალდ ტრამპი Facebook-სა და Instagram-ზე დაბრუნებას შეძლებს
- +

26 იანვარი. 2023. 10:18

 

 

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Facebook-სა და Instagram-ზე დაბრუნებას შეძლებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მის ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა „მომდევნო კვირების“ განმავლობაში მოიხსნება. სოციალური ქსელების მფლობელ კომპანია Meta-ს გლობალურ საქმეთა პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოისმინოს ის, რასაც პოლიტიკოსები ამბობენ“. მისივე თქმით, ტრამპის ანგარიშების დაბლოკვა საგანგებო ვითარებაში მიღებული უჩვეულო გადაწყვეტილება იყო.

 

კლეგმა ასევე დასძინა, რომ სოციალური ქსელების წესების ხელახლა დარღვევის შემთხვევაში, ტრამპს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესდება. ამასთან, კლეგი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ანგარიშები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

ტრამპი ამ ფაქტს საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ Facebook-მა „ბევრი მილიარდი“ დაკარგა, მას შემდეგ რაც დაბლოკა „თქვენი საყვარელი პრეზიდენტი - მე“.

 

ტრამპის ანგარიშები 2021 წელს დაბლოკა, მას შემდეგ რაც ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა კაპიტოლიუმზე შტურმი განახორციელეს. მაშინ კომპანიაში ჩათვალეს, რომ პოლიტიკოსის ტვიტებმა შესაძლოა სოცქსელის მომხმარებლებს არეულობასა და ძალადობისკენ მოუწოდოს.

 

 

 

 

big_banner
არქივი