logo_geo
ორბანი: დასავლეთში არ ესმით, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში დრო რუსეთის სასარგებლოდ თამაშობს
- +

27 იანვარი. 2023. 20:55

 


უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინი თავის თავს ომის წაგების უფლებას ვერ მისცემს და არც წააგებს, რადგან მომავალ წელს რუსეთში არჩევნები გაიმართება და ის ვერ წარდგება არჩევნებში, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც ომი წააგო.

ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ გავიდა დრო, როდესაც რუსეთს შეეძლო უკრაინის დაპყრობა და ქვეყანაში პრორუსული მთავრობის დაყენება.

„რუსეთს სწრაფი გამარჯვება რომ მოეპოვებინა, ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა ეს უიმედო სცენარია”, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მისი თქმით, რუსეთის მიზანია უკრაინა გადააქციოს უმართავ ნანგრევად. ორბანის თქმით, რუსებმა ამ კუთხით უკვე მიაღწიეს წარმატებას, რადგან ახლა უკრაინა, ისევე როგორც ავღანეთი, „არავის მიწაა“.

უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ დასავლეთში არ ესმით, რომ უკრაინის ომში დრო რუსეთის სასარგებლოდ თამაშობს, რადგან ის უზარმაზარი ქვეყანაა და შეუძლია უზარმაზარი არმიის მობილიზება.

big_banner
არქივი