logo_geo
Reuters: ბალტიის ქვეყნები 2022 წელს გაზს რუსეთისგან ყიდულობდნენ და უკრაინაში ჰყიდდნენ
- +

27 იანვარი. 2023. 20:56

 

2022 წელს რუსმა ექსპორტიორებმა სულ მცირე 2-ჯერ გაზარდეს ბალტიის ქვეყნებში თხევადი ნახშირწყალბადის გაზის გაყიდვები, რომლის ნაწილის შემდეგ უკრაინამ შეიძინა. ამის შესახებ რეგიონში მოქმედ ტრეიდერებსა და ტვირთგადამზიდავ კომპანიებზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, ლატვიაში რუსული გაზის წილმა იმპორტის 90%-ს გადააჭარბა, ხოლო ბალტიის ქვეყნებში თხევადი გაზის გაყიდვების საერთო მოცულობამ 2022 წელს 331 000 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 159 000 ტონას შეადგენდა.

მხოლოდ დეკემბერში ლატვიამ და ლიეტუვამ უკრაინას 15 000 ტონა თხევადი ნახშირწყალბადის გაზი მიაწოდეს, რაც ამ თვეში უკრაინის მიერ იმპორტირემული თხევადი გაზის საერთო მოცულობის 15%-ს შეადგენს.

„მიზეზი, რატომაც კიევი ბალტიის ქვეყნებისგან სავარაუდოდ რუსულ საწვავს ყიდულობს, უკავშირდება იმას, რომ რუმინეთისა და პოლონეთის მიერ შეთავაზებულ ფასთან შედარებით, ერთი ტონის ღირებულების სხვაობა 150-200 დოლარს შეადგენს“, - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა ტრეიდერმა.

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ენერგეტიკის სამინისტროებში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

აღსანიშნავია, რომ თხევადი ნახშირწყალბადის გაზი ძირითადად გამოიყენება ავტომობილებში საწვავის სახით, რუსეთიდან მისი ექსპორტი სანქცირებული არაა.

big_banner
არქივი