logo_geo
ჩეხეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
- +

28 იანვარი. 2023. 18:52

 

 

ჩეხეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავა. ამის შესახებ ჩეხეთის პოლიცია იუწყება.

 

დაკავებულს ბრალად ედება აშშ-ის ტერიტორიაზე განსაკუთრებით საშიში დანაშაულის ჩადენა და მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული „რუსულენოვანი კრიმინალური დაჯგუფების წევრი“ იყო.

 

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, საქართველოს მოქალაქე პოლად ომაროვია, რომელიც მისი დაცვის უფროსთან, ასევე, საქართველოს მოქალაქესთან ერთად, ჩეხეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში დააკავეს.

 

პოლად ომაროვი წითელი ცირკულარით იძებნებოდა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ომაროვი, ორ თანამზრახველთან, რაფატ ამიროვთან და ხალიდ მეჰდიევთან ერთად აშშ-ში ირანელი წარმოშობის ჟურნალისტის მკვლელობას ამზადებდა. მკვლელობა კრიმინალურ დაჯგუფებას თეირანიდან შეუკვეთეს.

 

აშშ-ის მედიის ინფორმაციით, ეს ჟურნალისტი მასიჰ ალინეჯადია, რომლის გატაცებას ირანის რეჟიმის მიერ დაქირავებული პირები ჯერ კიდევ  2021 წელს გეგმავდნენ. თეირანი ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

 

ჩეხეთის სამართალდამცველი სტრუქტურების ინფორმაციით, პოლად ომაროვი ამჟამად დაპატიმრებულია და აშშ-ში მისი ექსტრადირების საკითხი უნდა გადაწყდეს.

 

 

big_banner
არქივი