logo_geo
ნიკი ჰეილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
- +

2 თებერვალი. 2023. 15:38

 

 

ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. BBC-ის ინფორმაციით, გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი მზად არის გამოაცხადოს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით პრეზიდენტობისთვის ბრძოლა სურს.

 

არსებული ინფორმაციით, ნიკი ჰეილის წინასაარჩევნო კამპანია სტარტს 15 თებერვალს სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტონში აიღებს. 51 წლის ნიკი ჰეილი იქნება მესამე ინდური წარმოშობის ამერიკელი, რომელიც პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. 2015 წელს ანალოგიური ნაბიჯი ლუიზიანის გუბერნატორმა, ბობი ჯინდალმა გადადგა, 2020 წლის არჩევნებზე კი კამალა ჰარისმა, რომელიც შემდეგ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დათანხმდა.

 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა უკვე წარადგინა ნიკი ჰეილის თანაპარტიელმა, ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.

 

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰეილიმ მარკო რუბიოს დაუჭირა მხარი, გამარჯვების შემდეგ ტრამპმა მას გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობა შესთავაზა, რომელზეც ჰეილიმ 2 წლის განმავლობაში იმუშავა. 2021 წელს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმის შემდეგ ჰეილიმ ტრამპის ქმედებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „არჩევნების დღიდან მოყოლებული, ტრამპის ქმედებებს ისტორია მკაცრად შეაფასებს“.

 

 

big_banner
არქივი