logo_geo
უნიკალური „Bugatti Chiron Profilée“ აუქციონზე $10.7 მილიონად გაიყიდა
- +

5 თებერვალი. 2023. 10:06

 

 

ავტომოყვარულებსა და კოლექციონერებს „Bugatti“-ს უნიკალური მოდელის, „Chiron Profilee“-ს შესაძენად უკანასკნელი შანსი ჰქონდათ. ჰიპერქარი საფრანგეთში, „Sotheby’s“-ის მიერ გამართულ აუქციონზე 10.7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

 

საინტერესოა, რომ ავტომწარმოებელი Chiron-ის Profilee ვერსიის ფართომასშტაბიან წარმოებას გეგმავდა. მომხმარებლებისაგან მიღებულმა დადებითმა უკუკავშირმა კომპანიას აღნიშნული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანისაკენ უბიძგა. თუმცა, მანამ, სანამ „Bugatti“ აღნიშნული ვერსიის განვითარებას დაასრულებდა, Chiron-ის 500-ვე ეგზემპლარი მოსალოდნელზე სწრაფად გაიყიდა. მიუხედავად ამისა, „Bugatti“-მ Profilee-ს პროექტის გაუქმების გადაწყვეტილება არ მიიღო და ერთი საჩვენებელი ეგზემპლარის წარმოება დაასრულა.

 

ავტომობილის უნიკალურობას სწორედ ეს გარემოება განაპირობებს. მისი შეფერილობაც კი სპეციალურად ამ ეგზემპლარისთვის შეიქმნა. ეს უკანასკნელი „Bugatti Chiron Profilee“-ს სხვა მოდელებისაგან დიზაინითაც განსხვავდება. გარდა ამისა, Profilee ყველაზე სწრაფად აჩქარებადი Chiron-იც გახლავთ. ავტომობილს 0-დან 100-მდე აჩქარებისათვის მხოლოდ 2.3 წამი სჭირდება. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის ელექტრონულადაა შეზღუდული და 380 კმ/სთ-ის შეადგენს.

 

ინდუსტრიის ანალიტიკოსების ვარაუდით, „Bugatti Chiron Profilee“ 6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, კოლექციონერებისათვის აღნიშნული მოდელი ბევრად უფრო ღირებულ ეგზემპლარს წარმოადგენს. „Bugatti Chiron Profilee“-ს 10.7 მილიონ დოლარად გაყიდვამ, მას, ახალ ავტომობილებს შორის, აუქციონზე რეკორდის დამყარების საშუალება მისცა.

 

 

big_banner
არქივი