logo_geo
„უკრაინსკაია პრავდა“: ოლექსი რეზნიკოვმა შესაძლოა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვოს
- +

5 თებერვალი. 2023. 14:01

 

 

მომავალ კვირას  უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა შესაძლოა დატოვოს თანამდებობა, მის ადგილს, სავარაუდოდ, დაზვერვის სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დაიკავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ამჟამად პრეზიდენტის გუნდი ფიქრობს, სად გადაიყვანონ რეზნიკოვი, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არავის ეპარება ეჭვი, რომ ის გუნდში უნდა დარჩეს.

 

განიხილება რეზნიკოვის იუსტიციის მინისტრად დანიშვნა, ხოლო იუსტიციის მოქმედი მინისტრი დენის მალიუსკა შესაძლოა, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ელჩად გაგზავნონ.

 

გამოცემის ცნობით, კირილ ბუდანოვი უკვე ეძებს თავის შემცვლელს სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

 

ამასთან, ძალოვან სტრუქტურებში არსებული წყარო ამბობს, რომ ბუდანოვს არ სურს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რადგან ესმის, რომ ეს არის „დიდი ბიუროკრატიული მანქანა“.

 

„უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვს ჰკითხეს, არის თუ არა ეს მისი უკანასკნელი ინტერვიუ თავდაცვის მინისტრის რანგში.

 

„არ მქონია არანაირი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შევწყვიტო ჩემი საქმიანობა ამ თანამდებობაზე. გავიმეორებ სხვა მედიასაშუალებებთან ჩემს პასუხს: „თითოეული მაღალჩინოსანი უნდა აცნობიერებდეს, რომ თავის თანამდებობაზე ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ იქნება. მან უნდა დაიწყოს ეტაპი და დაასრულოს ის. ამიტომ, მზად ვარ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. არ მრცხვენია ჩემს მიერ გაკეთებული საქმეების. დანარჩენი – ვნახოთ. თუმცა, ყოველ ჯერზე, როდესაც ურთიერთობა მაქვს „უკრაინსკაია პრავდასთან“, ნამდვილად რაღაც ხდება, ეს საინტერესო სიმბოლოა“, - განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

 

big_banner
არქივი