logo_geo
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40 640-ს მიაღწია, სირიაში კი 5 800-ს გადააჭარბა
- +

19 თებერვალი. 2023. 14:14

 

 

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვმა 40 640-ს მიაღწია. სტიქიის ზონაში მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად 80 ქვეყნიდან 11 000-ზე მეტი საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს.

 

თურქეთის სამხრეთში, ჰატაის პროვინციაში ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი გამოიყვანეს, რომლებიც ნანგრევებში თითქმის 300 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მიწისძვრისგან დაზარალებული თურქეთის ათი რაიონიდან ამ დროისთვის 430 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 5 700-ზე მეტი მომყოლი ბიძგი შენიშნეს. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალის შეფასება 830 000-ზე მეტ შენობაში მოხდა.

 

სირიაში სტიქიას 5 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ადგილობრივი ადმინისტრაცია ჰუმანიტარულ წვდომას ბლოკავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, თურქეთსა და სირიაში დაახლოებით 26 მილიონი ადამიანი საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას.

 

 

big_banner
არქივი