logo_geo
ევა კაილიმ მისთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
- +

25 თებერვალი. 2023. 10:10

 

 

ევროპარლამენტის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ევა კაილიმ მისთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

 

ადვოკატ სპიროს პაპასის განცხადებით ევროკავშირის პროკურატურის მოთხოვნა, ევა კაილისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე გაუმართლებელი იყო.

 

„იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნა ეფუძნებოდა რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ დამოუკიდებელი და კომპეტენტური „თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის“ (OLAF) მიერ ჩატარებული შესაბამისი გამოძიება უკვე დასრულებული იყო“, - აცხადებს ევა კაილის ადვოკატი.

 

ევროკავშირის პროკურატურის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ მათი იურიდიული სამსახური საჩივარს სწავლობს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარებისგან თავი შეიკავა.

 

როგორც საჩივარშია აღნიშნული, ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნის პირველი კრიტერიუმი - უკანონო ქმედების ჩადენისას დაკავება - კაილის შემთხვევაში არ შესრულდა, ვინაიდან შესაძლო დანაშაულს ადგილი ჰქონდა 2014-2020 წლებში. ასევე იმუნიტეტი შეიძლება მოიხსნას იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო დამნაშავემ შეიძლება შეუშალოს ხელი ხელისუფლებას სრული გამოძიების ჩატარებაში. ადვოკატების განცხადებით, ევა კაილის შემთხვევაში არც ეს კრიტერიუმი დაკმაყოფილდა, იმიტომ რომ OLAF-მა გამოძიება უკვე ჩაატარა და კაილის არ შეეძლო, გამოძიებისთვის ხელის შეეშალა.

 

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

 

11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.

 

 

big_banner
არქივი